რაგბი

იაპონიაში ბორჯღალოსნების ლელოების დროს ვალერი მელაძის სიმღერას რთავდნენ

მილტონ ჰეიგი და ჯაბა ბრეგვაძე
World Rugby

საქართველოსა და ურუგვაის რაგბის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა ორგანიზატორები მატჩის დროს რუსული მელოდიის ჩართვისთვის გააკრიტიკეს. 

სააგენტო popsport-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ვალერი მელაძის სიმღერას, სახელწოდებით "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონიაში, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს და მატჩის დროს ეს სიმღერა რამდენჯერმე გააჟღერეს. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა ბრეგვაძემ, ორგანიზატორებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. 

"მინდა, რომ ეს მომენტი გამოვიყენო და მუსიკის ჩართვაზე პასუხისმგებელ პირს ვთხოვო, რომ აღარ ჩაგვირთოს რუსული მუსიკა და აღარ დაუშვას ეს შეცდომა,"- თქვა ბრეგვაძემ. 

რუსული მელოდიის ჩართვას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც გამოეხმაურა. 

"მატჩის დროს გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. კი, მას ქართველი მომღერალი მღერის, მაგრამ რუსულია. მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ რუსეთი საქართველო არაა და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და ყველაფერი განსხვავებული გვაქვს,"- თქვა ჰეიგმა. 

იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დღეს, 29 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33-7 დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე გახდა. 

მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება.

კომენტარები