გორის სასამართლო

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საია

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი მ.შ. დამნაშავედ ცნო.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ თავის 7 თვის შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა მ.შ. 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს მსჯავრდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედასთან სექსუალური კავშირის გამო. გოგო ორსულობის მომენტში 16 წელს მიუღწეველი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წელს იცოდა, რომ არასრულწლოვანი გოგო დედა გახდა, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. უწყებას გოგოს სახლიდან წასვლისა და მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა 2017 წელსაც, თუმცა გამოძიება არც მაშინ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის შესახებ, უწყებამ არასათანადო რეაგირებისათვის ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

კომენტარები