იეჰოვას მოწმეთა დევნა რუსეთში

რუსეთში ექვს იეჰოვას მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს

jw-russia.org

19 სექტემბერს სამხრეთ რუსეთში სასამართლომ იეჰოვას 6 მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.

მათ ორიდან სამ წლამდე და ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. 

სარატოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კონსტანტინ ბაჟენოვს, ალექსეი ბუდენჩუკს, ფელიქს მახამადიევს, რომან გრიდასოვს, გენადი გერმანს და ალექსეი მირეცკის. მათ ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსება, მისი ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

პროკურორებს მათთვის 6-დან 7 წლამდე პატიმრობის მისჯა სურდა. 

ევროპისა და ცენტრალური აზიის Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილემ რეიჩელ დენბერმა თქვა, რომ ისინი არაფრისთვის დაიჭირეს.

ბრალდებულები მათი საქმის გასაჩივრებას აპირებენ. 

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება.

ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

7 თებერვალს ორიოლის ოლქში იეჰოვას მოწმეთა უხუცესი დენის კრისტენსენი ექსტრემისტულ ქმედებებში ბრალდებულად ცნეს და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული დაჯგუფებებიც იდევნებოდნენ. 

კომენტარები