NDI-ის კვლევა

NDI: 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებლად ხელისუფლებას 43% ასახელებს, ენმ-ს 8%, მელიას 0%

რადიო თავისუფლება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (55%) მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს ეკისრებათ.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია. პასუხისმგებლობის შესახებ შეკითხვა გამოკითხულთა სწორედ ამ წილს დაუსვეს.

ღია კითხვის პასუხად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 20 ივნისს მომხდარ ძალადობაზე, 43% ხელისუფლებას ასახელებს, 9% - იმჟამინდელ მინისტრს გიორგი გახარიას, შსს-სა და პოლიციას 1-1%.

ძალადობაზე პასუხისმგებლად 8% ასახელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% - ზოგადად ოპოზიციას. კვლევის მიხედვით, დასმულ ღია კითხვის პასუხად 0% ასახელებს ნიკა მელიას, რომელსაც ხსენებულ ღამეს ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი აქვს წარდგენილი.

4% 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, 2% აქციის მონაწილეებს.

ღია კითხვის პასუხებში აგრეთვე მოხვდნენ სპეცრაზმი, მიხეილ სააკაშვილი, ზაქარია ქუცაშვილი, ირაკლი კობახიძე, სერგეი გავრილოვი - თუმცა სახელობითად მათი დასახელების მაჩვენებელი 0%-ია.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას 20 ივნისის ღამეს "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას" ედავებიან.

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

დეპუტატ ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური მას შემდეგ დაუმაგრეს, რაც მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახედ 30 000 ლარიანი გირაო და სამაჯურის დამაგრება შეუფარდა. 

მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტთან აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრად წარადგინა, პარლამენტმა კი დაამტკიცა. 

სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის მუხლით, ნიკა მელიას ჩათვლით, სულ 19 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. 

კომენტარები