ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს ეკისრებათ.
ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია.
აღნიშნულ 92%-ს NDI-მ გამოკითხულებს კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:
"თქვენი აზრით, ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ჰქონდა ადგილი?".
43%-ის პასუხია ხელისუფლება, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია.
9% კონკრეტულად გიორგი გახარიას, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას, 8% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 7% ზოგადად ოპოზიციას.
4%-ის აზრით, 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, 2%-ის აზრით კი აქციის მონაწილეები.
შსს-ს და პოლიციის პასუხისმგებლობას 1% ხედავს, ხოლო ნიკას მელიას პასუხისმგებლობას - 0%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.