ვინ არიან და რას საქმიანობდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 18 სექტემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ახალი წევრები წარადგინა. წევრებს შორის არიან, იურისტები, ეკონომისტები, მწერლები, ფილოლოგები. ზოგიერთ მათგანს პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. ხაზარაძემ ხაზგასმით თქვა, რომ დღევანდელი წარდგენა პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არ არის, მას ცალკე დააარსებენ და ლიდერებს პრაიმერის პრინციპით აირჩევენ. მისივე თქმით, პერიოდულად 12 ახალ წევრს წარადგენს ხოლმე.

ვინ არიან ლელოს ახალი წევრები:

ლანა გალდავა - იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობები სპეციალისტი. დაამთავარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიურ აკადემია და ასევე სწავლობდა ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში.

გალდავა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის თანადამფუძნებელია.

2010 წლის შუალედურ არჩევნებზე ლანა გალდავა - "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიიდან" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. არის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის თამარ ალფაიძის საინიციატივო ჯგუფში იყო. 

„მინდა მთელი ჩემი ცოდნა და ენერგია მოვახმარო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას," - თქვა მან წარდგენისას. 

ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე, სწავლობდა ევროპის კოლეჯში, ოქსფორდისა და ოსლოს უნივერსიტეტში და სტრასბურგის რენე კასენის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში.

ბოძაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ 2 წელი მუშაობდა. 2016 წლის ივნისში მან პოსტი დატოვა. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის 2016 წლის ივლისში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა

თეონა დოლენჯაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი, კინორეჟისორი სამოქალაქო აქტივისტი დოლენჯაშვილი ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატია. 2010 წლიდან არის გაზეთ „24 საათი – Weekend-ის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ რედაქტორი, 2011 წელს იყო ქართული ლიტერატურული ჟურნალის „თავისუფალი დროის“ რედაქტორი, 2003 წლიდან დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება.

„იმედი მაქვს ჩემი შემოქმედება თუ სიტყვა საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოსაც“ დაეხმარება," - თქვა მან წარდგენისას. 

კახა კოჟორიძე - იურისტი, ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებების მიმართულებით. 

2005-2006წწ. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე. 2005-2007წწ. ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, იყო ,,ადვოკატთა ჯგუფი უსუფაშვილი და ზედელაშვილის“ ადვოკატი; 2007-2009წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის თანამდებობაზე, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად და იმავე წელს არჩეულ იქნა გამგეობის წევრად. 2009-2013წწ. კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადამიანის უფლებების კუთხით არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. 2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

მედეა მეტრეველი - ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ხელმძღვანელობდა საქართველოს, როგორც საპატიოს სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას.

"ფრანკფურტში ქართულმა ლიტერატურამ თავისი ლელო უკვე დადო და წინ ძალიან ბევრი წარმატებები და პერსპექტივებია აქვს ჩვენს ქვეყანას," - თქვა მან დღეს. 

გია გუგუშვილი - მხატვარი, პროფესორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად. საქართველოს ფოსტაში "ქართული მარკის" დირექტორად. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2013 წელს კონკურსის შედეგად აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად, 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად.

საბა ბუაძე - იურისტი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა "ევროპის ფონდში" პროგრამების მენეჯერად.

გიგლა მიქაუტაძე - ეკონომისტი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება მიიღო გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში. სხვადასხვა დროს, მუშაობდა სახელმწიფო სექტორში, იყო გერმანული კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარი და კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 

ქეთი ენუქიძე - ფილოლოგი, ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" ერთერთი დამფუძნებელი

2016 წელს იყო ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავისუფალი დემოკრატებისგან და ამ პარტიას 2016 წელს 30 ათასი ლარი შესწირა

მუშაობს ლექსმცოდნეობის საკითხებზე.

ელენე მელიქიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი​.

გია მორდეღაშვილი - ბიზნესმენი. 

„უკანასკნელი 27 წელი ვცხოვრობდი უცხოეთში, დავაარსე ის ბევრი წარმატებული ბიზნესი, ერთი თვის წინ გადავწყვიტე ოჯახთან ერთად, რადგან მჯერა რომ ეს არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა, რომლის განვიტარებაც არის ჩვენი იდეა.“

დავით გელაშვილი - ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი.

„ამ მოძრაობაში მონაწილეობის მიზანია ქვეყანაში ვცლილებები უკეთესობისკენ, იმისთვის რომ ხელისუფლება უსმენდეს საზოგადოების ხმას," - თქვა გელაშვილმა დღეს. 

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მოძრაობის წევრი იქნება მისი ბიზნეს პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე.

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ლელოს" წევრები იქნებიან ყველა სფეროს წარმომადგენელები, პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად აკეთებენ. 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში გამართა.

კომენტარები