პრეზიდენტის შეწყალება

გახარია შეწყალებაზე: მორატორიუმითაც დადასტურდა, რომ საკანონმდებლო ცვლილება საჭიროა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მისთვის პოლიციელის მკვლელისა და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება "აბსოლუტურად მიუღებელია". მისივე თქმით, მორატორიუმის გამოცხადებამაც დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია.

"შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, საერთოდ მკვლელის, მსგავსი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება. რა თქმა უნდა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებაც, რაც იმ ნაბიჯით დასტურდება, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი.

უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულებში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული",- თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება.

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები