ევროპული საქართველოს დადგენილება

გია გაჩეჩილაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს ჰკითხა, არის თუ არა მათი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საბაბის მიმცემი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადოს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

"ბატონო სერგი, თქვენ გამოცდილი კაცი ბრძანდებით საგარეო ურთიერთობებში, თქვენ იყავით საქართველოს საგარეო დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ანუ, ანალიტიკასთან კარგი კავშირი გაქვთ. შემდეგ იყავით საგარეო საქმეთა სამინისტროში აგრეთვე საგარეო ურთიერთობების, როგორც მახსოვს, ორგანიზაციებთან ურთიერთობის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ იყავით მინისტრის მოადგილე, თუ არ ვცდები, ხომ? გრიგოლ ვაშაძის, რუსეთის მოქალაქის მოადგილე. ახლა მაინტერესებს და აქედან გამომდინარე კითხვა თქვენ და წესით უნდა იცოდეთ, რომ ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ ახლა წარმოადგინეთ, არის თავისი შინაარსით, ვთქვათ გაგიჟდა პარლამენტი და მიიღო გადაწყვეტილება, პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას, რომლითაც თქვენ დიდი ხანია დაინტერესებული ხართ. მით უმეტეს. რეზოლუციის წარმოდგენა ახლა და განხილვა ხდება რთველის პერიოდში, ამავე დროს ველოდებით ჩვენ აჭარაში ციტრუსების კრეფის დაწყებას და ა.შ. არის თუ არა თქვენი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანუ, იმ საბაბის მიცემა რუსეთისთვის, რომელსაც ის დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს გამოუცხადოს ეკონომიკური ბლოკადა, და ეს, 1 თვის და 2 თვის წინა პერიოდს გადახედეთ და მიხვდებით, თუ რამდენად დაინტერესებულია რუსეთი ამაში და არის თუ არა ეს რეზოლუცია შემოგდებული სწორედ იმისათვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს კახეთის, აჭარის, გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ. დიდი მადლობა",- ჰკითხა გაჩეჩილაძემ კაპანაძეს.

სერგი კაპანაძემ გაჩეჩილაძეს კონტრშეკითხვა დაუსვა.

"ბატონო გია, მაგ კითხვაზე მარტივი პასუხია - არა. მაგრამ მე მაქვს კონტრკითხვა, ახლა არის რთველი, შემდეგ ციტრუსები და რომელ თვეში შეიძლება, მკათათვეში, თიბათვეში, ვარდობისთვეში თუ როდის შეიძლება, რომ რუსეთზე რამე განცხადება გაკეთდეს, იქნებ თქვენ მითხრათ, როცა ასეთი მიბმული არ ვიქნებით", - თქვა სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს. 

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;

ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან: 

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;

ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;

ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

ინიციატივას მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ "რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებაზე ინიციატივა მავნეა და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა".

კომენტარები