გია ჟორჟოლიანი

ჟორჟოლიანი: სამთავრებო პროგრამას მხარს არ ვუჭერთ, საკადრო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის გია ჟორჟოლიანის თქმით, მისი ფრაქცია სამთავრებო პროგრამას მხარს არ დაუჭერს, თუმცა ქართული ოცნების საკადრო ცვლილებებს ემხრობა.

"ჩვენი პოზიცია სოციალ-დემოკრატების გახლავთ იგივე, რაც რამდენიმე დღის წინ უკვე საჯაროდ განვაცხადეთ. ჩვენ ამ პროგრამას, რომელიც მთავრობას აქვს წარმოდგენილი, მხარს არ ვუჭერთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებოდით უმრავლესობაში. არსებითი ცვლილებები აქ არაფერია და ეს ის პოლიტიკაა, რომელიც აქამდე ჰქონდა ქართულ ოცნებას," - აღნიშნა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.

ჟორჟოლიანის თქმით, ქართული ოცნების საკადრო ცვლილებებს სოციალ-დემოკრატები მთლიანად მხარს დაუჭერდნენ, რადგან მისი აზრით, ეს ცვლილებები წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული.

"ეს ცვლილებები, ვფიქრობ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ამდენად, ამ საკადრო ცვლილებების გამო, ჩვენ მთლიანად მხარს დავუჭერთ,"- ამბობს ჟორჟოლიანი.

მისი აზრით, აღნიშნული ცვლილებები, აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების პირობები ჩამოყალიბდეს.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები გრძელდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრებთან იმართება.

კომენტარები