რუსეთი

რუსული მედია: პოლიციელი სკოლის მოსწავლეებს დაემუქრა და გააფრთხილა, არ გავიდნენ აქციებზე

Martin_Camera / Twitter.com

რუსული მედიის ცნობით, პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პირი მოსკოვის ერთერთ სკოლაში მივიდა და მოსწავლეები გააფრთხილა, რომ საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მიმართ საქმის აღძვრით დაიმუქრა. 

რუსულ მედია Mediazona-ს მოსკოვის ერთერთი სკოლის მოსწავლე ანონიმურად დაუკავშირდა და უთხრა, რომ 6 სექტემბერს მათ სკოლაში სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ქალი მივიდა, რომელიც მოსწავლეებს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საქმეების გამომძიებლად წარუდგინეს.

ანონიმურმა მოსწავლემ მედიაზონას მობილურით ჩუმად ჩაწერილი აუდიო ჩანაწერიც მიაწოდა, რომლის ტრანსკრიპტის მიხედვითაც, ქალი მოსწავლეებს აფრთხილებს, რომ თუკი ისინი მოსკოვში დაგეგმილ აქციებს დაესწრებიან, მათ მომავალზე ფიქრი სამუდამოდ უნდა შეწყვიტონ:

"როგორც თქვენ იცით, მოსკოვში ახლა მიტინგები იმართება და ამისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ამის შემდეგ კი - სისხლის სამართლებრივი. და მერე ასეთი საუბრები, რომ "აი, უბრალოდ, გავიარე იქ" არ გაჭრის. მაშინვე აგიყვანთ აღრიცხვაზე და თქვენ არამხოლოდ ადგილობრივ პოლიციელებთან მოგიწევთ შეხვედრა, არამედ გამომძიებლებთანაც. არ აქვს მნიშვნელობა, იყავით, თუ არა იქ, ჩაიარეთ, გასართობად მიხვედით, თუ უბრალოდ, საპირფარეშოს ეძებდით - არ მაინტერესებს. უბრალოდ, აგიყვანთ აღრიცხვაზე და შემდეგ - kaput. მას შემდეგ კი, რაც თქვენ აღრიცხვაზე აგიყვანენ, შეგიძლიათ, დაივიწყოთ თქვენი მომავალი და თქვენი სამომავლო გეგმები, რადგანაც თქვენ ვერსად ვერ შეძლებთ მოწყობას. ეს სიგარეტის მოწევა არაა, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია.

ამასთან, თქვენს მშობლებს სამსახურში არამგონია, საქმე კარგად წაუვიდეთ. და საერთოდ, არც ისე ტკბილადაა აღრიცხვაზე აყვანილი ადამიანის საქმე, ამის შესახებ ყველა გაიგებს და მორჩა. რადგან ჩვენ ყველგან ვავრცელებთ, ყველას საქმის კურსში ვაყენებთ, რომ აი, თქვენი თანამშრომლის შვილი აღრიცხვაზეა აყვანილი ამისა და ამის გამო". 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები