რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 7%-მდე ზრდის

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 7%-მდე იზრდება.

გვენეტაძე გადაწყვეტილების მიზეზად მიზნობრივზე მაღალ ინფლაციასა და ვალუტის კურსის გაუფასურების გამო ინფლაციაზე გაზრდილ ზეწოლას ასახელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, უწყება მზადაა, მონეტარული პოლიტიკა სამომავლოდ პოლიტიკა საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცროს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 4.9% შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში იყო ნათქვამი, მოკლევადიანი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულის, 3%-ის მაღლა დარჩებოდა. ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის დონე დაუბრუნდებოდა მიზნობრივ ნიშნულს.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

 

კომენტარები