გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა

გაჩეჩილაძე გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე: ხალხი ითხოვს? ხალხში ვის გულისხმობთ?

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები განიხილება. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. 

სხდომის დაწყებამდე ქართული ოცნების დეპუტატს, გიორგი გაჩეჩილაძეს ჰკითხეს, რამდენად მისაღებია მისთვის გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე.

გიორგი გაჩეჩილაძე: გახარია მისაღებია. მან ძაან სერიოზული როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენაში, მაშინ, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა. 

ჟურნალისტი: ამდენი ხანია, ითხოვს ხალხი მის აგდადგომას

გაჩეჩილაძე: ხალხი? ვის გულისხმობთ ხალხში. რამდენი კაცია, ხომ ვერ მეტყვით. ათასი? ახლა არიან იქ რამდენიმე ათასი? 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივსუწოდებს და გახარაიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას სწორედ 20 ივნისის ღამის შემდეგ ითხოვენ. საპროტესტო აქციები 70 დღეზე მეტია, გრძელდება. 

კომენტარები