გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა

კახაძე: "გახარია უნდა გადადგეს" სუფთად ემოციურ ფონზე ვთქვი, მთავარი სხვა რამაა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ როცა თქვა "ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს", სხვა რამეს გულისხმობდა. 

ლადო კახაძემ 25 ივნისს "მეტრონომისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს. ამავდროულად, აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება". მოგვიანებით კი, მან "ნეტგაზეთს" უთხრა, რომ "გახარია არ უნდა გადადგეს". 

ტაბულა ლადო კახაძეს დაუკავშირდა, რათა გაეგო, რატომ გადათქვა თავისი სიტყვები. 

"მე როდესაც ვაძლევ კომენტარს სხვანაირად იწერება რაღაც-რაღაცები. მე იქ სუფთა ემოციურად ვთქვი, რომ ერთი მხრივ, რომ შეხედო-მეთქი, როგორც მშობელმა [გახარია უნდა გადადგეს], მაგრამ მთავარი იქ იყო სახელმწიფო გადატრიალების გადაცდენა, კონსტიტუციური წყობის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ერთხელ მოხდა გამსახურდიას დროს, მეორედ შევარდნაძის დროს და ეს იქნა თავიდან აცილებული. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი,"- გვიპასუხა კახაძემ. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე უკვე მე-6 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. 

მოქალაქეებმა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან 24 ივნისს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან.

კომენტარები