ლარის კურსი

გვენეტაძე: ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია მცურავი კურსის პირობებში

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეროვნულ ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, შეუძლებელია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება.

გვენეტაძის თქმით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც კურსის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელზე უკეთესი იქნება:

"ზოგადად, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე. ვფიქრობთ, ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში, რომელიც არის ლარის კურსის განმსაზღვრელი, იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ვპროგნოზირებდით," - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9415 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2671.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.

კომენტარები