რუსეთი

მაკრონი პუტინს: მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიულ პრინციპებზე ისაუბრეს. შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და კრემლის ლიდერს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.  

"ჩვენ ამ ზაფხულს პროტესტის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებდით. რაც რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში, სრულად უნდა იყოს დაცული, იმიტომ, რომ მე მჯერა ევროპული რუსეთის, - უთხრა ვლადიმერ პუტინს ემანუელ მაკრონიმ.  

ვლადიმერ პუტინის თქმით, მას არ სურდა რუსეთში მსგავსი სიტუაცია ყოფილიყო. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც საპროტესტო აქციებზე კანონი დაარღვიეს, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული.  

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში 27 ივლისის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ასიათასობით ადამიანი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციური, დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვს. პოლიციამ მასობრივი დემონსტრაციები ძალადობრივად  დაარბია და საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით აღძრა. 

ამასთან, 3 აგვისტოს საპროტესტო აქციის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ უცხოური მედიები და დიპლომატები რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.

კომენტარები