გუგუტიანთკარი

ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დაგმო. პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.  

კალიულადის თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.  

"ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას არ დაივიწყებს,"-წერს კერსტი კალიულაიდი.  

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს, 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დაკავებულების ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ისინი დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

კომენტარები