ცხოველზე ძალადობა

IDFI: ცხოველზე ძალადობის გამოძიება გაიზარდა, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი ფაქტი შსს-მდე ვერ აღწევს

IDFI

ცხოველების წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა, მსგავსი დანაშაულების დიდი რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებამდე ვერ აღწევს.

ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

ორგანიზაციამ ცხოველების წინააღმდეგ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი აღსრულების მდგომარეობა შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში გამოძიების დაწყების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად აღემატება გასული წლების მაჩვენებლებს. ასევე, მაღალია 2019 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელიც.

ცხოველის წამების ან სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია, 2017 წელს 23 გამოძიება დაიწყო, 2018 წელს 64, ხოლო მიმდინარე წლის ხუთ თვეში 25.


ფოტო: IDFI
რაც შეეხება ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, IDFI-ს კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყების მაჩვენებლები ერთეული ხასიათისაა. ორგანიზაციისთვის შსს-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008-2012 და 2016-2017 წლებში გამოძიება ამ მუხლით საერთოდ არ დაწყებულა. ხოლო 2013-2014 წლებში გამოძიება დაიწყო ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის თითო ფაქტზე, 2015 წელს კი - ორ ფაქტზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა და გამოძიება ოთხ შემთხვევაზე დაიწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში შსს-ს ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებია.


ფოტო: IDFI
"ბოლო წლებში ცხოველთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რეგისტრირების მაჩვენებლის გაზრდა დადებითად უნდა შეფასდეს. აღნიშნული სტატისტიკა IDFI-მა 2017 წელსაც შეისწავლა და აღნიშნა, რომ განცხადებათა მცირე რაოდენობა მაღალი ალბათობით მიუთითებდა საკითხისადმი მოსახლეობის გულგრილობაზე და არა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების მცირე რაოდენობაზე. მართალია, ბოლო წლებში მოცემულ დანაშაულთა რეგისტრირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ მოწინავე ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ცხოველთა კეთილდღეობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებია დანერგილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვლავაც მსგავს დანაშაულთა დიდი რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებამდე ვერ აღწევს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დაბალია ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ განხილულ საქმეების რაოდენობაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის მუხლით 2008 წლიდან დღემდე სასამართლოებმა მხოლოდ 17 საქმე განიხილეს.

ამასთან, უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულებს შეეფარდათ ჯარიმა, ხოლო პირობითი მსჯავრი სამ და თავისუფლების აღკვეთა ერთ შემთხვევაში. IDFI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევებში სახეზე იყო დანაშაულთა ერთობლიობა.

რაც შეეხება ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობას, ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოსგან ამ მონაცემების მიღება ვერ მოხერხდა და ამის მიზეზად სტატისტიკური მონაცემების არ არსებობა დასახელდა.

"ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლა მნიშნელოვანია, როგორც ცხოველთა დაცვის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ცხოველთა მიმართ ძალადობის განმახორციელებელი პირები ხშირ შემთხვევაში არ შემოიფარგლებიან აღნიშნულით და ჩადიან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მათ შორის ქმედებებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ.1 ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლა მძიმე დანაშაულთა პრევენციის ერთგვარ მექანიზმს წარმოადგენს", - აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციამ შეისწავლა შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირებაც, რომლის მიხედვით:

  • საქართველო გაწევრიანებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, თუმცა არ არის შინაური ბინადარი ცხოველების დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერი. 
  • საქართველოში ამჟამად არ არსებობს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმულ ნაბიჯი იქნება საქართველოში ცხოველთა დავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
  • კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებების შედეგადაც პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის გამკაცრდა. 
  • მეტ დასაბუთებას მოითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მშობელთა პასუხიმგებლობას, არასრულწლოვანთა მიერ ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობისთვის. არასრუწლოვანთა ქმედებებს, გარდა მშობლებისა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ასევე აღმზრდელობითი დაწესებულებები და ზოგადად საზოგადოება.

IDFI-ის აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი კანონმდებლობისა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების არსებობა, რომელიც სპეციალიზებული იქნება ცხოველების წინააღმდეგ ძალადობის საკითხების გამოვლენასა და რეაგირებაზე, მათ შორის შესაბამისი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საქმეების სამართალდამცავი უწყებებისთვის მიწოდებაზე.

აგრეთვე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე უნდა დააფიქსიროს მაღალი ცხოველების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვის პოლიტიკური ნება და ეს სტანდარტები თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ რეგულაციებთან. IDFI-ს რეკომენდაციით, ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯი შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვის კონვენციის ხელმოწერა უნდა იყოს.

"გარდა სახელმწიფო პოლიტიკის და კანონმდებლობის დახვეწისა აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ. აღნიშნული საკითხი გათვალიწინებული უნდა იყოს სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო განათლების პროგრამებში. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საკითხზე ინფორმაცია საზოგადოების მცირეწლოვან წევრებს ადრეული ასაკიდანვე სწორი სახით მიეწოდოთ", - აღნიშნულია ორგანოზაციის განცხადებაში.

კომენტარები