ტვ პირველის საქმე

TV პირველის დამფუძნებელი: პროკურატურაში დამიბარეს

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ პროკურატურაში დაიბარეს. მისივე თქმით, შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემს. 

"პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!" - წერს ვატო წერეთელი Facebook-ზე. 

27 ივლისს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ადვოკატის, ზვიად კორძაძის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კორძაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა რამდენიმე ადამიანს ფარულად უსმენდა, მათ შორის, ვატო წერეთელს. 

"ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ,"- წერდა მაშინ ვატო წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

ამასთან, ავთანდილ წერეთელი და ტვ პირველი იმ წერილშიც ფიგურირებს, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. წერილში, რომელიც ამჟამად ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მამუკა ხაზარაძისგან ითხოვენ, რომ "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)", წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორი ადრესატს რეპუტაციის განადგურებით ემუქრება. 

კომენტარები