ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი: დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენისგან, მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრულ რეჟიმში, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

"ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა."

განცხადებაში საუბარია ლარის კურსზეც და ნათქვამია, რომ უწყება მზადაა, მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად კვლავაც განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები.

"ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია."

შეგახსენებთ, რომ პირველ აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა რეზერვებიდან, საიდანაც 32.8 მილიონი გაიყიდა, რასაც მომდევნო ორი დღის მანზილზე ლარის გამყარება მოჰყვა. თუმცა გუშინ, 5 აგვისტოს ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

კომენტარები