აშშ - გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო სპარსეთის ყურეში აშშ-ის საზღვაო უსაფრთხოების მისიას უერთდება

British Royal Navy Destroyer HSM Duncan
Courier

5 აგვისტოს გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას უერთდება, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

"გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით, თავისუფალი საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ჰორმუზის სრუტის ნავიგაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია," - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უელსმა.

ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ირანის მიმართ ლონდონის პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა აშშ-სთან საზღვაო მისიაში შეერთება ბორის ჯონსონის პრემიერმინისტრობის 12 დღის მანძილზე საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სულ რაღაც 2 კვირის წინ, ბრიტანეთი ევროპის საზღვაო მისიის ჩატარებას ითხოვდა.

"საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიაში", ჯერჯერობით, მხოლოდ აშშ და გაერთიანებული სამეფო მიიღებს მონაწილეობას. 

გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია, სადაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცხა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

კომენტარები