ბეშუმი

ჯანდაცვა: ბეშუმში ექიმი ორ ადამიანს დაეხმარა, მათ ტრავმები დაპირისპირების დროს არ მიუღიათ

tv25.ge

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

უწყებაში ამბობენ, რომ ექიმებმა ორ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მათი ტრავმები დაპირისპირების დროს არ იყო მიღებული.

"გავრცელებული ცნობა, თითქოს დაპირისპირების შედეგად მოქალაქეებმა, მათ შორის ერთმა ბავშვმა, სხეულის დაზიანებები მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. სასწრაფოს ექიმებმა პირველადი გადაუდებელი დახმარება ერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და ბავშვს აღმოუჩინეს. არც ერთ მათგანს ტრავმა დაპირისპირების შედეგად არ ჰქონდა მიღებული", - უთხრეს ტაბულას ცენტრში.

აჭარაში, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე მათ მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ტერიტორიაზე გაშლილი იყო ბანერი წარწერით "გახარია, წადი". აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურებიც იგივე წარწერით.

მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ სცენა დატოვა, მოქალაქეებმა მასთან მისვლა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტვ 25-ის ინფორმაციით, შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ტვ 25-მა ფოტოც გაავრცელა, სადაც ექიმები მამაკაცს დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიშა ბოლქვაძემ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ დაშავებულია ერთი ბავშვიც. ვიდეოში ჩანს ქალიც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვს "გადაუარეს" და "დაჩხაპნილია".

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 46 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები