ბეშუმში, სადაც პრემიერმინისტრს შეძახილებით დახვდნენ და გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ტვ 25-ის ინფორმაციით, მოქალაქეები მამუკა ბახტაძესთან მისვლას ცდილობდნენ. ტელეკომპანია ასევე ამბობს, რომ არიან დაშავებულებიც და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიშა ბოლქვაძე ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ დაშავებულია ერთი ბავშვიც.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ.
აჭარაში, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე მათ მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ტერიტორიაზე გაშლილი იყო ბანერი წარწერით "გახარია, წადი". აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურებიც იგივე წარწერით.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.
აქციის ძალადობრივი დასჯიდან 46 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.