შსს: 4 ადამიანი საბერძნეთის ყალბ პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს ამზადებდა და ასაღებდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები - 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინები, ასევე, ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისში გაჩხრიკეს.

"პოლიციამ მოპოვებული მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ოთხივე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა- გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები