ლარის კურსი

მაჭავარიანი: შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი უახლოეს დღეებში წამოვა ქვემოთ

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში. დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული და ეს მოვლენა ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ვიზიარებ პრემიერის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი, ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ლარის კურსის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები