უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მეთოფიშვილი კანდიდატს: უხერხულობას არ გიქმნით, ჯანეზაშვილის ქმარი რომ ჟურნალისტია? 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილს ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ჰკითხა. 

ჯანეზაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან თევზაძე საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ზაზა ხარებავა იმავე შენგელიას მეჯვარეა და ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. საბჭოს სხვა წევრის, თამარ ონიანის ქმრის ძმა, ზურაბ აზნაურაშვილიც ასევე მონაწილეობს კონკურსში. 

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენ არავინ გყავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სამართლებრივად სწორად მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტებიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური ორგანო ასე იქცევა -თავისივე ახლო ნათესავის კონკურში მონაწილეობენ და თვითაცლებას არ აყენებენ. 

საუბარში საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ჩაერთო: 

დიმიტრი გვრიტიშვილი: "პატრონიანმა" ლევან თევზაძემ კენჭისყრაზე მიიღო 5 ხმა, თქვენც, "უპატრონო" ქეთევან მესხიშვილმა ასევე 5 ხმა". 

საბჭოს კიდევ ერთმა მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვოლმა კი აქცენტი ნაზი ჯანეზაშვილის ქმრის ჟურნალისტურ საქმიანობაზე გააკეთა და ეს ინტერესთა კონფლიქტს დაუკავშირა. 

სერგო მეთოფიშვილი: ჩაგეკითხებით, ქალბატონი ნაზიბროლას თანხმობით, რა თქმა უნდა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ქალბატონი ნაზიბროლას ქმარი იყო ლიბერალის რედაქტორი და მედია მხარდაჭერას უწევდა ქალბატონ ნაზიბროლას სასამართლო სისტემის და საბჭოს ლანძღვა-გინებაში? ასევე, მგონი ტაბულას თანამშრომელია და იქიდანაც გააქტიურდა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: სირცხვილია, ბატონო სერგო, ჩემი ქმარი ახლა არსად მუშაობს, თუ გაინტერესებთ. 

სერგო მეთოფიშვილი: შეიძლება ახლა არ მუშაობს, მაგრამ ლიბერალში ხო მუშაობდა და იქიდან მხარდაჭერას უზრუნველყოფდა თქვენი ლანძღვა-გინების, რომელიც მუდმივად ისმის სასამართლოს და საბჭოს მიმართ. უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის, რომ საბჭოს წევრი, რომელსაც ასეთი მედია მხარდაჭერა ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან, შეფასებაში მონაწილეობს მოსამართლის და ასეთ პოლიტიზირებულ განცხადებებს აკეთებს. 

ნაზი ჯანეზაშვილის ქმარი, დათო გამისონია წლების განმავლობაში "ლიბერალის" რედაქტორი იყო. გამოცემა მან სხვა თანამშრომლებთან ერთად ერთი თვის წინ დატოვა. ტაბუალში გამისონია 2014 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. 

სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს აქტიურად უპირისპირდება და სხდომაზე ხშირად მოიხსენიებს მას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით, ასევე, ხელს უშლის კითხვების დასმაში. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

კომენტარები