რუსეთი

რუსეთში აქციაზე დაკავებულ პირს ბრალი პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობაში წაუყენეს

ევგენი ფელდმანი / მედუზა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი პირის წინააღმდეგ გამოძიება ეროვნული გვარდიის ოფიცრის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბრალდებული 48 წლის ევგენი კოვალენკოა. მას 27 ივლისს ოფიცრისათვის მეტალის ნაგვის ურნის სროლასა და ამით ფიზიკური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ის არასანქცირებულ პროტესტში მონაწილეობის გამო უკვე დაკავებულია.

27 ივლისს მოსკოვში მერიის შენობასთან, სადაც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა, სამართალდამცავებმა ოფიციალური მონაცემებით - 1074, ხოლო არაოფიციალური, "OVDInfo"-ს მონაცემებით 1373 ადამიანი დაიჭირეს. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ. პოლიციელები იმ ტელევიზიების სტუდიებშიც შეცვივდნენ, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა.

ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმელმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.

მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს." 

მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დამოუკიდებელი ტელევიზიის "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხე

შემდეგი მიტინგი მოსკოვში 3 აგვისტოს, მომდევნო შაბათს დაიგეგმა. 

კომენტარები