უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

"გამართლებულია" - კანდიდატი ილონა თოდუა რელიგიის საფუძვლით სამედიცინო ჩარევის საკითხზე 

პირველი არხი

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველთა გასაუბრებაზე კანდიდატ ილონა თოდუას საბჭოს წევრმა, რევაზ ნადარაიამ რელიგიური საფუძვლით სამედიცინო ჩარევაზე ჰკითხა. 

რევაზ ნადარაია:

"აქვს თუ არა პაციენტს უფლება, რელიგიური საფუძვლით უარი განაცხადოს სამედიცინო ჩარევაზე და შეიძლება თუ არა მისი ეს უფლება შეიზღუდოს?"

მოსამართლეობის კანდიდატი ილონა თოდუა:

"აქ დგას დილემა, რა უნდა გააკეთოს პერსონალმა, შეასრულოს მისი ვალი, რომ დაეხმაროს პაციენტს და ხომ არ უპირისპირდება ეს უფლება პაციენტის იმ ძირითად უფლებას, რომ რელიგიასთან მიმართებაში ჰქონდეს საკუთარი შეხედულება. საყურადღებოა, როდესაც არსებობს აუცილებლობა და საჭიროება ამ მკურნალობის ჩატარების, მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც სისხლის დაკარგვის შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა და ეს იყო აუცილებელი, რამდენადაც ამის არ გამოყენების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ამ ღირებულებათა შორის უნდა განისაზღვროს რომელია უპირატესი ღირებულება, ანუ თუ სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება იმ კუთხით რომ დაინვალიდდება ან მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამ შემთხვევაში უნდა გავიდეთ პაციენტის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და ჩავთვალოთ, რომ ჩარევა არის გამართლებული". 

რელიგიის თავისუფლების პრინციპების, ასევე პაციენტის შესახებ კანონის მიხედვით, ადამიანისთვის მისი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციის გაკეთება დაუშვებელია, თუნდაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. გამონაკლისია არასრულწლოვანი და ადამიანი, რომელსაც თანხმობის გაცემა არ შეუძლია.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

კომენტარები