ადვოკატი: ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს იულია სუსლიაკი

ექსპრესნიუსი

ბავშვების ტრეფიკინგში ბრალდებული ქალი, იულია სუსლიაკი, მისი ადვოკატის ინფორმაციით გარდაბნის მატარებლიდან გაიტაცეს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს.

ზურაბ თოდუას თქმით, იულია სუსლიაკი საქართველოში იმისთვის მოდიოდა რომ ადვოკატთან ერთად ბრიფინგი გაემართა და თავის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი მოეყოლა.

"რუსთავი 2"-ის ეთერში მკაფიოდ ითქვა ის ფაქტი, რომ იულია სუსლიაკი ხვალ პირველ საათზე აპირებდა ბრიფინგზე ეთქვა ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარები, ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაეშვათ გენერალური პროკურატურის კონკრეტული პროკურორების თეა გიორგაძის და მარიამ გოგორელიანის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა, დღეს 08:30 საათზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს იულია სუსლიაკი, მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ჩემთვის, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მისი დაკავების არ ჰქონდათ, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს რომ ხვალ იგი ბრიფინგზე არ გამჩენილიყო ჩემთან ერთად", - თქვა იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

19 ივლისს, იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 - დაბადებულია 2017 წელს. ამან სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკიუკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. 

იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. მისივე თქმით, ცნობილია ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, "რაც არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სუსლიაკს ბავშვები ნაყიდი არ ჰყავს". ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა - იური სუსლიაკი. ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებიან იულია და იური სუსლიაკის მშობლები - სწორედ მათ მოითხოვეს ბავშვების უკრაინაში წაყვანა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად.

თავად იური სუსლიაკის თქმით, "ბავშვები უკრაინაში გაჩნდნენ აბსოლუტურად კანონის დაცვით, სუროგაციის გზით. ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ვფიქრობ, როდესაც ამაზე დასტური მიუვათ, საქმეც დაიხურება. ჩვენ დავიწყეთ სუროგაციის პროგრამა და წარმატებით დასრულდა. გვინდოდა და გვინდა დიდი ოჯახი, ბევრი შვილით".

კომენტარები