ბექა ბასილაია

ფოტო: ბექა ბასილაია საავადმყოფოში 19-დღიანი შიმშილობის შემდეგ

თემო ჯანაშია

ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ მე-19 დღეს შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი შეუძლოდ გახდნენ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

კლინიკაში წაყვანამდე ბექა ბასილაიამ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ხვალ ისევ მათ რიგებს შეუერთდება. 

"ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული პოზიცია, რომ ვიშიმშილებდით მანამ, სანამ მდგომარეობა არ გახდებოდა კრიტიკული. არ შეგეშინდეთ, მხნედ ვართ, უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენ შევწყვეტთ შიმშილობას, გადავალთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ გპირდებით, ხვალ უკვე აქციაზე ვიქნებით თქვენთან ერთად. ჩვენ გახარიას აუცილებლად გადავაყენებთკოლაბორაციონისტ მთავრობას ძალიან მალე, ძალიან მშვიდობიანად, მათ შორის არჩევნების გზით დავასრულებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - თქვა ბასილაიამ. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 24 დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეებს 3 მოთხოვნა ჰქონდათ: 

  • 20 ივნისის ღამის დაკავებულების გათავისუფლება;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და
  • გიორგი გახარიას გადადგომა. 

ამ ეტაპზე დაუკმაყოფილებელი მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები