გავრილოვი "სირცხვილიაზე": ისინი ქვეყნის ცივილიზებული განვითარების შეჩერებას ცდილობდნენ

სერგეი გავრილოვი
Sputnik

რუსული მედია RIA წერს, რომ რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თქმით, პროვოკატორების მიზანი, ანტირუსული ლოზუნგებითა და მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობით, გადატრიალება იყო.

"ისინი ქვეყნის ცივილიზებული განვითარების შეჩერებას ცდილობდნენ" - აღნიშნა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი.

უკვე 21 დღეა, რაც პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები