ერთიანი სამაგისტრო გამოცდები

მაგისტრანტობის მსურველის თქმით, რეგისტრაციის მიუხედავად, გამოცდაზე არ უშვებენ

ქეთევან სიხარულიძე
ქეთევან სიხარულიძე

მაგისტრანტობის მსურველი ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა, თუმცა გამოცდაზე გასვლის საშუალება მაინც არ ეძლევა. 

მისი თქმით, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის ბაზაში 1-ლ აპრილს დარეგისტრირდა. 8 ივლისს კი, როცა საგამოცდო ბილეთი უნდა ამოებეჭდა, აღმოჩნდა, რომ დარეგისტრირებული არ არის. 

სიხარულიძე ამბობს, რომ რეგისტრაციის შემდეგ ბაზა რამდენჯერმე უპრობლემოდ შეამოწმა. 

"გადავიხადე რეგისტრაციის თანხა. საიტზე დაეწერა, რომ რეგისტრაცია წარმატებით გავიარე. 

მითითებული იყო ქალაქი, გამოცდის ტიპი და ა.შ ინფორმაცია. რამდენჯერმე შემოწმების შემდეგ, როცა ბაზაში შესვლა კიდევ ერთხელ დავაპირე, რაღა საგამოცდო ბილეთი ამომებეჭდა, საიტმა დამიწერა, რომ დარეგისტრირებული არ ვარ. ამ ინფორმაციას როგორ ვნახავდი, დარეგისტრირება რომ ვერ მომეხერხებინა", - ყვება ის. 

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ტაბულას უთხრეს, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ვერაფერს იტყვიან, ვინაიდან ეს პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა, აპლიკანტმა, სავარაუდოდ, ხელი არ დააჭირა შენახვის ღილაკს. 

"ძალიან ბევრი ასეთი განცხადება ჰქონდა ცენტრს როგორც ერთიან ეროვნულ, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით. მომართეს რეგისტრაციის მსურველმა პირებმა. მათ, სამწუხაროდ, რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ არ არიან დარეგისტრირებულები. ჩვენი მხრიდან რამე სისტემურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. ასეთი ადამიანები, თუ მათ შენახვის ღილაკისთვის არ ჰქონდათ ხელი დაჭერილი, სამწუხაროდ, რეგისტრაციას ვერ გაივლიდნენ. ის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დარეგისტრირება, იყო განთავსებული ვებ გვერდზე, იყო ინფორმაცია ცნობარშიც და არა ერთხელ იყო აღნიშნული, რომ შენახვის ღილაკის დაჭერის და შემდეგ მეილის მისვლის შემდეგ ხდება რეგისტრაცია. მსგავსი ტიპის განცხადებებზე პასუხი გაცემული გვაქვს ყველასთვის", - თქვა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ანა მაისურაძემ. 

განცხადებაზე, რომლითაც პრობლემის აღმოფხვრას ითხოვდა, ქეთევან სიხარულიძემ Naec-ისგან პასუხი დღეს, 10 ივლისს მიიღო. 

მასშიც შენახვის ღილაკზეა საუბარი. 

"გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადების საფუძველზე, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმებულ იქნა 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების სარეგისტრაციო ბაზა და დადგენილია, რომ არ ხართ რეგისტრირებული 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე.

ამასთან, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლისას აუცილებელი ველების შევსების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა დაეჭირა შენახვის ღილაკისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს განცხადებაში აღნიშნული თქვენი მოთხოვნა", - წერია Naec-ის მიერ სიხარულიძისთვის გაგზავნილ პასუხში. 

ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო სწავლის 1 წელს კარგავს. ამასთან, Naec-ი მას არც თანხას უბრუნებს. 

"თქვენი უპასუხისმგებლო ქმედების გამო, ერთ წელს ვკარგავ და ვერ გავდივარ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვთ აპლიკანტისგან და რაც გევალებათ, იმასაც ვერ ასრულებთ პირნათლად.

შეცდომის აღიარებას და პასუხისმგებლობას გაურბიხართ და აქეთ მიყენებთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს თქვენივე სისტემური ხარვეზის გადასაფარად.მაშინ, როდესაც ჩავრიცხე თანხა, გავიარე რეგისტრაცია, ავირჩიე გამოცდის ტიპი, ამის შემდეგ რამდენჯერმე გადავამოწმე საკუთარი ბაზა.

თქვენივე შეცდომის გამო ერთ წელს ვკარგავ, ვკარგავ ასევე თანხას, არც ვალდებულად თვლით თავს, რომ ჩემ მიერ დაწერილი განცხადება (ფორმალურად დაწერილი ალბათ) დროულად განიხილოთ მაშინ, როცა 11 დღე დარჩა გამოცდამდე. იმის საშუალება მაინც მომეცით, დროის თვალსაზრისით სასამართლოში დავიცვა ჩემი სიმართლე.

აიღეთ პასუხისმგებლობა, თუ ამბობთ რომ აპლიკანტის ბრალია, დაგვისაბუთეთ. ხომ ამბობთ, რომ ყოველი ნაბიჯი აისახება სისტემაში, თქვენი მთავარი არგუმენტი არის რომ "რაღაცას დავაჭირე ხელი" ჰოდა ამოიღეთ ისტორია სისტემიდან და მაჩვენეთ ვითომ რას "დავაჭირე მე". მით უფრო გქონდათ ასეთი შემთხვევები და დაეხმარეთ სხვა აპლიკანტებს ახლა რა ხდება?!", - მიმართავს სიხარულიძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები 17-დან 24 ივლისის ჩათვლით ტარდება.

კომენტარები