საქართველო-რუსეთი

ბერძენიშვილი უმრავლესობაზე: ქალიან-კაციანად დაეწყვნენ და მადლობები უხადეს პუტინს

radiotavisupleba.ge

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილის თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა პუტინს მადლობა გადაუხადეს იმის გამო, რომ საქართველოს სანქიები არ დაუწესა, ხოლო, მისივე შეფასებით, მოყენებულ შეურაცხყოფაზე კი ხმა არავის ამოიღია.

"მთავარი და არსებითი არის საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო დუმილი. ქალიან-კაციანად რომ დაეწყვნენ ერთად, პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მადლობები უხადეს პუტინს, რომ სანქციები არ დაგვიწესა და ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენა, ქართველებზე ამდენი ტყუილები თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება აპირებს საკუთარი ტყავის გადარჩენას რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი მაამებლობით" - ამბობს დავით ბერძენიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ასევე ეხმაურება პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერი ამტკიცებს, რომ საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო. 

"რუსული ნარატივი არის ასეთი, რომ საქართველო არის დამპყრობელი, საქართველომ თავის დროზე გერმანელების დახმარებით აფხაზეთი დაიპყრო, გენოციდი მოუწყო ოსებს. ეს არის იმპერიული მიდგომა. პუტინმა ეს სპეციალურად გააკეთა იმისთვის, რომ კი არიან ქართველები აგრესორებიო,  კი სამართლიანად წავართვით მათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო, მაგრამ რაკი საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი ბოდიში მოიხადაო, ამიტომ სანქციებს თუ ჭკუით მოიქცევა არ დავუწესებო. მანამდე მისსავე ყურმოჭრილ დუმას შეუკვეთა ძალიან შეურაცხმყოფელი ტექსტების თანმხლებით ერთხმად იმ გადაწყვეტილების მიღებამ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს. სხვათა შორის 2008 წელსაც, მაშინდელმა ყურმოჭრილმა დუმამ მაშინაც ერთხმად მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება" - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ვრცლად, თუ რა თქვა პუტინმა და როგორ იყო სინამდვილეში წაიკითხეთ აქ.

კომენტარები