ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი აღარ გაიმართება

27 ივლისს, ბათუმში დაგეგმილი ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კლუბის მფლობელმა მათ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ირაკლი ფირანიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება, ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.

"ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდა შეძენილი, შეეძლება იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ", ამბობს კლუბის მფლობელი აჭარის ტელევიზიასთან.

მისი ინფორმაციით, A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

A Studio-ს სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა​​.

ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

მანამდე კი ინსტაგრამზე რუსეთის მცხოვრებლებს მოუწოდა, პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 18 მარტს იმართება, მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ კი თქვა, რომ "იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ???". მან ასევე თქვა, რომ "დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა".

თოფურია სცენაზე რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი კაბით, ასევე რუსი ჯარისკაცის ფორმითაც გამოსულა.

კომენტარები