20 ივნისს აქციის დარბევისას დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოვიდა

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება დაშავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა კომაში მყოფი ორი ადამიანიდან, 46 წლის მხოლოდ დავით გრიგორიანი იყო. 

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძემ, თქვა, რომ დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია, თუმცა დაკვირვების მიზნით, ის მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ხუთივე მათაგნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ამჟამად კლინიკებში 5 პაციენტი რჩება. მათ შორის, რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება 3 პაციენტი. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნილია. პაციენტი კონტაქტურია, შემოდის ექიმებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტში. გვრჩება რეანიმაციაში უწყვეტი მონიტრონგის ქვეშ, რათა დაკვირვებები გაგრძელდეს. ასევე, დღეს ერთი პაციენტი ისრაელში გაემგზავრა, გამთენიისას კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრება გერმანიაში, მიუნხენის კლინიკაში,"- ამბობს ავთანდილ თალაკვაძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დავით გრიგორიანის 20 ივნისს პარლამენტის წინ ანტირუსული აქციის დარბევისას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა. ის 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო შეერთებული. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე მე-10 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები