"რადგან გახარია არ გადადგა, გადავდექი მე" - ხულორდავას თანაშემწემ პოსტი დატოვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მარიკა კირვალიძემ რუსთავი 2-ს უთხრა.

"ამ დარბევების შემდეგ, ბავშვები რომ დააბრმავეს, მეორე დღეს ველოდებოდი შესაბამის განცხადებებს ყველასგან, რომ ვერ მოვისმინე, უკვე დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი.

მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ბატონ ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს დროულად მომხდარიყო.

ველოდი იმას, რომ ბევრი უნდა გადამდგარიყო და უარი ეთქვა თანამდებობებზე, პირველ რიგში, ველოდებოდი ჩემი ფავორიტი მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან, რომ გადადგებოდა ამ მოვლენების შემდეგ, რადგან ეს არ მოხდა, გადავდექი მე" - უთხრა კირვალიძემ რუსთავი 2-ს.

20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისას 160 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - აქამდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი.

უკვე ოთხი დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. მათი მოთხოვნებია შს მინისტრის გადადგომა, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს და მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე დააანონსა - ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებზე გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, ასევე, საარჩევნო ბარიერი.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამოსილება შეუჩერა აქციის დაშლაში მონაწილე 10 სპეცრაზმელს. შსს-ს ცნობით, ორი სამართალდამცველის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საქმის მასალები პროკურატურას გადაუგზავნეს. თავის მხრივ, პროკურატურის განცხადებით, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები