აქციის დარბევა

ბოკერია: ჩემ გარშემო მყოფი ოპოზიციის ლიდერები ცდილობდნენ აღშფოთებული ადამიანების გაჩერებას

ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, რომელიც ვიხილეთ დღეს და იქამდე, როცა ეს სამარცხვინო რუსული პროპაგანდის აქცია ტარდებოდა თბილისში, მთელი ეს ღონისძიება, რომელიც დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში საქართველოს მტრის ჩაჯდომით, არის სრულიად უგუნური და ძალიან სახიფათო. ჯერ მიიყვანეს ვითარება აქამდე, ჩვენი მრავალგზის საჯარო გაფრთხილების მიუხედავად, რომ გავრილოვის შემოშვება საქართველოში და მთელი ეს აქცია იყო საქართველოს საწინააღმდეგო. ამას დასცინოდნენ, ყურადღება არ მიაქციეს, მერე შეუშვეს პარლამენტში დასვეს და ისევ ოპოზიციის, პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური გუნდის ევროპული საქართველოს წევრების გიორგი კანდელაკის ელენე ხოშტარიას და სხვების აქტიურობის შედეგად, ეს სირცხვილი ოდნავ მაინც იქნა შემცირებული, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოგვაყენა. ამას მოჰყვა ბუნებრივი და აბსოლუტურად სპონტანური პროტესტი საზოგადოების, არა პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული, იქ მყოფი ხალხი არ იყო პარტიული აქტივი, ეს იცის ყველამ, ვინც იქ იყო და ამ პროტესტის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ არავინ აპირებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და არავინ აპირებს რომ გადადგეს მაინც. დემოკრატიასთან მიახლოებული სტანდარტით, როცა ასეთი სამარცხვინო რამე მოხდება, პოლიტიკური ფიგურა, ვის ხელშიც ეს მოხდა პასუხს აგებს იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და იმისთვის, რომ სტანდარტი დაწესდეს, რომ უფასოდ ეგეთი რამე არ ჩაივლის. უტიფარი განცხადება იყოს, რომ შეგვეშალა ბოდიში და არაფერი არ მოხდება და კიდევ აქეთ დანამუსება დაიწყეს, რომ მათი ოპონენტები როგორი ცუდები არიან. ვუსმინე პრემიერის განცხადებას და მინდა ვუთხრა, ოპოზიციის ლიდერები, ვინც ჩემ გარშემო იყო, ცდილობდნენ იმ ადამიანების გაჩერებას, ვინც იყო აღშფოთებული და სხვათაშორის ეს არ მოეწონათ იმ მოქალაქეებს, როცა ვცდილობდით მათ გაჩერებას, ძალიან არ მოეწონათ.

ევროპული საქართელოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი ორის ეთერში მამუკა ბახტაძის განცხადებაზე საუბრობს, რომელმაც თქვა, რომ აქციაზე "მივიღეთ რევანშს მოწყურებული დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა," და ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.

კომენტარები