რუსი დეპუტატი თბილისში

კვიციანი: სერგეი გავრილოვი არის პროქართველი

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პროქართველია და მას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. 

"მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი. შენ მეთქი აფხაზეთში ნამყოფი ხარ, რაის აფხაზეთში ნამყოფი არ ვარო. იმის მერეო კონფლიქტის მერეო. მე მშობლები მყავს აქ თბილისში დასაფლავებულიო. იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. არანაირი საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხო ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად. გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს.მას უშუალოდ არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დამიდონ ერთი ფაქტიო. მე როცა ველაპარაკე, მერე დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე და ავუხსენი რომ ეს ხალხი სენი მეშვეობით შემოვარდა ახლა, შენი დახმარებით მოსკოვი აკეთებს მეთქი. გაშეშდნენ, ვერაფერს მპასუხობდნენ. მოვუყევი რა გააკეთეს კოდორის ხეობაში, როცა სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით შემოვარდა კოდორის ხეობაში და როგორ დამარტყეს რუსებმა ზურგში, დაეხმარნენ სააკაშვილს, რომ კოდორის ხეობა ხელში ჩაეგდო და მიეცა მათთვის. ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ და ალბათ გააანალიზებენ",- ამბობს ემზარ კვიციანი. 

ცნობისთვის, თბილისში მყოფ რუს დეპუტატს, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისთვის აქვს ხმა მიცემული. 

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები