მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

თალაკვაძე: დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

"რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!" - ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა. ის რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ყოფნას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომას გამოეხმაურა. 

მანამდე ეს ფაქტი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმაც დაგმო. 

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს გუშინ, 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია. 

რუსი დეპუტატის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. დღეს, 20 ივნისს, მათ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან დაჯდომის საშუალება არ მისცეს. პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. 

პარალელურად, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას.

ამ წუთებში აქცია იწყება პარლამენტის შენობასთანაც.

კომენტარები