ლგბტ კვირეული

ხულორდავა ვასაძის მოწოდებებზე: უკიდურესად საშიშია! სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას

ტაბულა

ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია! - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებას ლეგიონის შექმნაზე. 

ხულორდავა faceboook-ზე წერს, რომ სახელმწიფო ძალადობას არ დაუშვებს.

"სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით.

სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას. პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!

დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!",- წერს თამარ ხულორდავა. 

შეგახსენებთ, 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. 

ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან.

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი.

ყველას ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - თქვა ვასაძემ. 

სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. 

ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ყველა მუქარა "ნამდვილი კაცების" შეკრებიდან წაიკითხეთ აქ.

კომენტარები