ლგბტ კვირეული

ქარტია შსს-ს: მედიისთვის უკანონო ხელის შეშლის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინეთ

ტაბულა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დღეს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილ აგრესიის ფაქტებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას ჟურნალისტების უსაფრხოება.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

"ნეტგაზეთის" ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ძირს დააგდო. გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

'დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, - ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები “ლიბერალის” რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლიციამ აქციის ეს მონაწილე დააკავა.

“რა სულელი ყოფილხარ” - ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, როდესაც ის აქციას აშუქებდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფსაც.

"მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მოქალაქეების აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა საპატრიარქოს წერილი, რომლითაც მან ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება. აქციის მონაწილეების მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს. აქციის დაწყებიდან ამ დრომდე ჟურნალისტებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ. ასევე, ქარტია მოითხოვს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს",- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 14 ივნისს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან. კონტრაქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს მოგვიანებით.

პოლიციამ კანცელარიასთან ორი ყვითელი ავტობუსი მიიყვანა. ისინი lgbtq აქტივისტებს ამ ავტობუსებით გაყვანას სთავაზობდნენ, რაზეც თბილისი პრაიდის მონაწილეებმა უარი თქვეს.

lgbtq პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს და პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, ძალადობის წახალისება დაგმონ, ასევე გააკეთონ განცხადება, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

კონტრაქციის მონაწილეები თბილისი პრაიდის აქტივისტებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია. წინაღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ "რუსთაველი განმეორდება". შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. მაშინ ლგბტ აქტივისტები სწორედ ყვითელი ავტობუსით გაიყვანა პოლიციამ.

კომენტარები