ინფორმაციის თავისუფლება

სასამართლო აქტები საჯარო იქნება, პერსონალური მონაცემების საკითხს პარლამენტი მოაწესრიგებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული აქტები საჯარო იქნება. პერსონალური მონაცემები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაიშიფრება. სასამართლომ მედიის განვითარების ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კონსტიტუციური სარჩელები დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ღია სასამართლო სხდომების შედეგად მიღებული აქტები განეკუთვნება იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათზე ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

თუმცა, საკონსტიტუციომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა, საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გაცემა კი სრულად იკრძალებოდა მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

მოპასუხე მხარის მტკიცებით კი, კანონმდებლობა ადგენდა სამართლიან ბალანსს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აზრით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში, დაშვებული იყო პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობა, ხოლო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, არ უნდა გასაჯაროებულიყო მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი.

"სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს, რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს. სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი" - აცხადებს სასამართლო.

კომენტარები