თანხების მითვისება

შსს: TBC-ის და საქართველოს ბანკისა კლიენტების თანხების მოტყუებით დაუფლების საქმე გახსნილია

შსს

შსს-ის ცნობით, გახსნილია საქმე, რომელიც საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლების თანხების მოტყუებით დაუფლებას ეხება. 

კერძოდ, შს მინისტრის მოადგილის, მამუკა ჭელიძის თქმით, დაკავებულია თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭელიძის თქმით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.

კერძოდ, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა ფეისბუკის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.

დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.

აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებოს მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს". 

კომენტარები