ხულორდავა ევროპარლამენტარს მთავრობის კრიტიკაზე: მსგავსი კომენტარი აზიანებს ქვეყნის იმიჯს

ევროპარლამენტის წევრმა, რებეკა ჰარმსმა ტვიტერზე ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გააკრიტიკა. საქმე შსს-ის მხრიდან ლგბტ ადამიანების უსაფრთხოების დაცვაზე უარის თქმას ეხება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღირსების მარშს ჩაატარებენ. 

რებეკა ჰარმსმა ტვიტერის თავის გვერდზე სწორედ ის ინფორმაცია გააზიარა, რომლის მიხედვითაც, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების თქმით, შსს-მ უარი თქვა მათ დაცვაზე.

ევროპარლამენტარმა დაწერა: "ვერ ვიჯერებ, რომ ესაა საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა".

რებეკა ჰარმსის პასუხად საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დაწერა: 

"რას გულისხმობთ? საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია. მსგავსი ტიპის კომენტარები აზიანებს კარგი განზრახვის მქონე განვითარებადი დემოკრატიის იმიჯს". 

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.

კომენტარები