რუსეთი

რუსულ გაზეთ კომერსანტს "სახელმწიფო საიდუმლოს გავრცელებისთვის", შესაძლოა, ჯარიმა დააკისრონ

Voice of America

რუსულ გაზეთ კომერსანტს, "სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის", შესაძლოა, 400 000-დან 1 მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს. სწორედ ამას ითვალისწინებს "მას მედიის თავისუფლების ბოროტად გამოყენების" ამკრძალავი კანონი.

კომერსანტის წინააღმდეგ სამოქალაქო საქმე 21 მაისს დარეგისტრირდა. Tass-ის ცნობით, შესაძლოა, ეს გახდეს პირველი საქმე, როდესაც კანონის შესაბამის მუხლს გამოიყენებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, წყარო სასამართლო სისტემიდან არ ამბობს, კონკრეტულად რა სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის აჯარიმებენ გაზეთ კომერსანტს.

20 მაისს რუსეთში გაზეთ კომერსანტის ბიზნეს გამოცემის პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამოცემინდან ორი ჟურნალისტის, ივან საფრონოვისა და მაქსიმ ივანოვის გაშვებაა, რომლებსაც მთავრობის წნეხის გამო სამსახურის დატოვება აიძულეს. ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ერთ საათზე ნაკლებ დროში მიიღეს.

17 აპრილს მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომერსანტში დაწერეს, რომ შესაძლოა, ფედერალური საბჭოს ლიდერი ვალენტინა მატვიენკო მაისში საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელით სერგეი ნარიშკინით ჩაენაცვლებინათ. კრემლში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელ ცვლილებებზე და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.

17 აპრილს ხსენებული ინფორმაცია ტელევიზია დოჟდმა გააშუქა და ისიც თქვა, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფედერალური საბჭოს წევრის რაუფ არაშუკოვის დაკავებას. ის იანვარში პარლამენტის ზედა პალატის სესიის დროს მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ სიახლეზე ხუთი ჟურნალისტი მუშაობდა და მათგან ორი - ივან საფრონოვი და მაქსიმ ივანოვი გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც 20 მაისს კომერსანტის ხელმძღვანელებმა ორი ჟურნალისტი ივან საფრონოვი და მაქსიმ ივანოვი მთავრობისთვის არასასურველი სტატიის მომზადების გამო დაითხოვეს, მომხდარიდან ერთ საათში გაზეთი პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა დატოვა. 20 მაისს საღამოს კი კომერსანტის 203-მა ჟურნალისტმა გააპროტესტა გაზეთის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება და მომხდარს "რუსეთში თავისუფალი სიტყვის აშკარა ჩახშობა" უწოდა.

კომენტარები