ბარამიძე: თბილისის მერიამ თვითნებურად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები

საარჩევნო ბლოკის „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სანდრო ბარამიძის თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს. ბარამიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ თვითნებურად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები, რის შემდეგაც ბლოკმა მერიას ნებართვით მიმართა, რომ აღნიშნული ბანერები დაეკიდებინა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ, თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის რეჟიმში და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს 4 ივნისამდე იღებს.

„ეს არის ტიპიური შემთხვეა, თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო უფლების ნიველირება და დაქვეითება, რაღაც ბიუროკრატიულ ნორმებთან და წესებთან, რომლებიც არ ექვემდებარება არანაირ რეალურ და საღი აზრიდან გამომდიდარე განსჯას. ამის მიზანი უბრალოდ არის ის, რომ ხელისუფლების ალტერნატიულ, რეალურ კანდიდატს შალვა შავგულიძეს შეუზღუდონ შესაძლებლობა, რომ სრულყოფიილად ჩაატაროს თავის საარჩევნო აგიტაცია. ამ შემთხვევაში, არავითარი მშენებლობის ნებართვა, არავითარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანი არ არის კავშირში ჩვეულებრივი სააგიტაციო მასალის გამოფენასთან. ამით, მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განსახვავებულად ეპყრობა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს იმის მიხედვით, არის თუ არა ესა თუ ის ჯგუფი, მასთან კავშირში ან მასთან წინააღმდეგობაში. ის, რაც შეიძლებოდა „პატრიოტთა ალიანსისთვის“ და ალეკო ელისაშვილის მოძრაობისთვის, არ შეიძლება ჩვენი ბლოკისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება მართლაც აღქვამს რეალურ საფრთხეს, რომ ის წააგებს არჩევნებს მთაწმინდაზე“’, - თქვა ბარამიძემ. 

კომენტარები