გერმანია

მერკელი ანტისემიტიზმზე: წარსულის ლანდებს თვალი უნდა გავუსწოროთ, მეტი სიფხიზლე გვმართებს

ანგელა მერკელი
AFP

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა CNN-თან საუბარში თქვა, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმი პრობლემას წარმოადგენს და ქვეყანას ისტორიული პასუხისმგელობა აქვს თვალი გაუსწოროს ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

"გერმანია არ განაცალკევებს საკუთარ თავს იმ განვითარებებისაგან, რასაც მსოფლიოს გარშემო ვხედავთ. ამას ვხედავთ გერმანიაშიც. მაგრამ გერმანიაში ისინი ყოველთვის აღიქმება წარსულის გარკვეულ კონტექსტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ, ვიდრე სხვები."

მერკელი ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური პარტიების მიერ მიღებული ხმების ზრდაზე საუბრობდა. ის ასევე შეეხო გერმანიის ანტისემიტიზმის ომბუდსმენის, ფელიქს კლეინის განცხადებასაც, რომელმაც გერმანელი ებრაელები რასისტული თავდასხმების საფრთხის ზრდაზე გააფრთხილა.

"ჩვენთან ყოველთვის იყო გარკვეული დონის ანტისემიტიზმი. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის სინაგოგა, ებრაელი ბავშვების სკოლა ან ბაღი, რომელსაც გერმანელი პოლიციელის დაცვა არ სჭირდება. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ პრობლემასთან სათანადოდ გამკლავება ვერ მოვახერხეთ...მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ წარსულის ლანდებს...ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებ რა მოგვიტანა ისტორიამ, ეს საშინელებები. ამიტომ ვემხრობით დემოკრატიას, ამიტომ ვცდილობთ გადაჭრის გზების მოძებნას, ამიტომ ყოველთვის უნდა დავაყენოთ თავი სხვის ადგილას. ამიტომ ვეწინააღმდეგებით შეუწყნარებლობას, ამიტომ არ ვართ ტოლერანტულები ადამიანის უფლებების დაღვევისადმი. ამოცანა გართულდა, მაგრამ ის უნდა გაკეთდეს."

შეგახსენებთ, რომ კვირას გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანიაში ხმები დაკარგეს როგორც ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ (28%, 2014-ში 35.3%), ასევე მათი სამთავრობო კოალიციის მოკავშირე სოციალ დემოკრატიულმა კავშირმა (15.5%, 2014-ში 27.3%). მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით შედეგები გააუმჯობესა ულტრა-მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისათვის", მოსალოდნელთან შედარებით მათ უფრო ნაკლები ხმა მიიღეს.

კომენტარები