ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნები

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტი გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

გიტანას ნაუსედა
naujientos

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტი და დამოუკიდებელი კანდიდატი გიტანას ნაუსედა იმარჯვებს. ის ამარცხებს ყოფილ ფინანსთა მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს. ხმების დათვლა არ დასრულებულა, თუმცა პირველადი მონაცემებით, ნაუსედამ ამომრჩეველთა ხმების 74%, ხოლო შიმონიტემ 26% მიიღო.

26 მაისს ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რადგან არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პირველ ტურში კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დაეგროვებინა, რათა არ გამართულიყო არჩევნების მეორე ტური.

ნაუსედა ბანკში SEB მთავრი ეკონომისტია და ასევე ლექტორადაც მუშაობს. მას დიდი გამოცდილება არ აქვს პოლიტიკაში. ნაუსედა საპრეზიდენტო კამპანიაში ხაზს უსვამდა მის დამოუკიდებლობას, თუმცა აღნიშნავდა, რომ მთავრობაში ყველა პარტიასთან შეძლებდა თანამშრომლობას.

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგით შიმონიტე მცირედით უსწრებდა ნაუსედას - შიმონიტემ ხმების 31.31%, ხოლო ნაუსედამ 30.94% აიღო.

ახალი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს, რომელიც ლიტველებმა ორჯერ 5-წლიანი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

ლიტვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ნაუსედას თავისი Facebook პოსტით უკვე მიულოცა გამარჯვება. ის იმედოვნებს, რომ ნაუსედა ხალხის იმედებს გაამართლებს.

ლიტვაში პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს, თუმცა სწორედ პრეზიდენტს აკისრია საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ქვეყნის წარდგენა ევროკავშირის სამიტებზე. პრეზიდენტი ლიტვაში ასევე ნიშნავს მინისტრებს, მოსამართლეებს, სამხედრო მეთაურებსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, როგორც წესი, პარლამენტის ან პრემიერმინისტრის დადასტურებით. 

NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც აშშ-ის ერთერთი ძლიერი მოკავშირეა, რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე მათ შორის ანტირუსული და ანტიპუტინური დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი მოსკოვისთვის ჯაშუშობისთვის.

კომენტარები