მაღაროელებს და ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება ვერ შედგა, პროტესტი გრძელდება

რუსთავი 2

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა - გაფიცულები ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ, კომპანია კი მხოლოდ 25%-ის მომატებაზეა თანახმა. მაღაროელებმა თქვეს, რომ დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, უარი მიიღეს

ამიტომ მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ.

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მათ ჭიათურის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.

მათი თქმით, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სამსახურები უნდა დატოვონ. ასევე, კომპანიის ტრანზაქციებით სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

მსვლელობის შემდეგ გაფიცულები ჯორჯიან მანგანეზის შენობასთან, კარვებში დაბრუნდნენ და პროტესტი გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი შიმშილობს კიდეც. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პირიც ამოიკერა. ეს გაფიცვის მე-12 დღეა. 

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლო დავას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.

კომენტარები