ადვოკატი ამბობს, რომ ჩვილის გაგუდვაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დღეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ში თქვეს, რომ ბრალდებულმა შეიძლება ჩვენება შეცვალოს და მათ გუშინ ინფორმაცია არასრულწლოვნის ჩვენებაზე დაყრდნობით გაავრცელეს. 

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია. დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას დასაცავ პირთან შეთანხმებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მისთვის ასეა ამ ეტაპზე ასეა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ბრალს აღიარებს, მან გამოიყენა დუმილის უფლება რაც არ ნიშნავს აღიარებას. “- თქვა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

გუშინ, 22 მაისს, კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები