ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ასაშენებლად კომპანია "ატუ" წითელ ნუსხაში შესულ 109 ხეს მოჭრის. აქედან 60 იმერულ მუხას და 49 ძელქვას. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა. ასოციაცია "ატუ" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა - ის იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. სამი წლის წინანდელი დაპირების მიხედვით, პროექტის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს და ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.
ქართუ ფონდის განცხადებით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის კი მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია.
"60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ".ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის განცხადებაში.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სახელმწიფოს უნდა გადაეცეს, შესაბამისად, მისი შენახვა ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამასთანავე უცნობია, არსებობს თუ არა ქვეყანაში ამ მოცულობის ახალ უნივერსიტეტზე მოთხოვნა.





